განათლება

საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საქართველოსუძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელია. დაარსდა 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლისხსენების დღეს, თბილისში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30.000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3.000-ს აღწევს.
უნივერსიტეტს აქვს 6 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.
1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი,გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე,კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.









No comments:

Post a Comment